შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთს - SNMG2 უმასპინძლა. ფოთის პორტში სტუმრებს, ასევე, დახვდნენ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პირველი რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი, პოლონეთის ელჩი საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები.
მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი „HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი). ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს.
ვიზიტის ფარგლებში, კომოდორი საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს შეხვდება. ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები და საქართველოს სანაპირო დაცვის ორი ხომალდი - „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნების მიზანია საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება.
ნატოს ხომალდების საპორტო ვიზიტი საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერის ნათელი მაგალითია.
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 4 აპრილს დატოვებენ.