საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღესთან და პირველი პრეზიდენტის იუბილესთან დაკავშირებით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მოეწყო ისტორიული კადრების ჩვენება, გაიმართა ფოტო და დოკუმენტური მასალის გამოფენა. ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღის შესახებ და პირველ პრეზიდენტის წვლილზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში.
„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია სხვადასხვა კონტექსტით. პირველი, რომ 28 წლის წინ სწორედ ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩატარებულმა რეფერენდუმმა მთელი მსოფლიოსათვის თვალსაჩინო გახადა ქართველი ხალხის ურყევი ნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ.
ამასთანავე, დღეს აღვნიშნავთ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს. ეს თარიღი მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. პირველ პრეზიდენტს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოჩენა.
მნიშვნელოვანია ის, რომ რეფერენდუმი გაიმართა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალში. ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა, ჩვენთან ერთად არჩევანი გააკეთეს საქართველოს სუვერენიტეტის, უკეთესი მომავლის და ერთიანობის სასარგებლოდ“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
პირველი პრეზიდენტის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბათუმის მერი, მინისტრები, დეპუტატები, ახალგაზრდები და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც მოგეხსენებათ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის „დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე.