პოლონეთის პროკურატურამ აჰმედ ზაკაევის ძებნასა და დაკავებაზე ორდერი გასცა. განცხადება ამის შესახებ დღეს პოლონეთის პოლიციის მთავარმა კომენდანტმა მარიუშ სოკოლოვსკიმ გააკეთა.
"პოლონეთის პროკურატურამ ჩეჩნეთის ემიგრაციული მთავრობის ხელმძღვანელის აჰმედ ზაკაევის ძებნასა და დაკავებაზე ორდერი გასცა. ზაკაევზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული", _ განაცხადა სოკოლოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესი ხვალ, 16 სექტემბერს, პოლონეთში იხსნება. სავარაუდოდ, კონგრესში მონაწილეობას 200 მდე ჩეჩენი ეროვნების ადამიანი მიიღებს მთელი მსოფლიოდან. სტუმართა შორის ასევე არიან ევროპარლამენტისა და გაეროს წარმომადგენლები.
გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესს ასევე უნდა დაესწროს ლონდონში მცხოვრები ჩეჩნეთის მთავრობის მეთაური ახმედ ზაკაევი, რომელსაც მოსკოვი "ტერორიზმში" ადანაშაულებს.
აღნიშნული კონგრესის მოწვევისა და გამართვის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო კრემლის გაღიზიანება გამოიწვია. პოლონეთში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ალექსეევმა კრემლისა და კადიროვის საწინააღმდეგო ამ კონგრესის ჩატარებას "ძალიან საშიში საქმე" უწოდა.
2000 წელს ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესი კოპენჰაგენში ჩატარდა. მაშინ რუსეთის მთავრობამ დანიის მთავრობას ახმედ ზაკაევის დაპატიმრება მოითხოვა. ზაკაევი მართლაც დააკავეს, მაგრამ მალევე გაუშვეს, ვინაიდან დანიურმა მხარემ ჩათვალა, რომ რუსეთმა მისი ბრალეულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა.
"მე მივიღე მოწვევა და მხარს ვუჭერ ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესის მიზნებსა და ამოცანებს", _ განაცხადა ზაკაევმა გაზეთთან სატელეფონო საუბრისას.