ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესი ხვალ 16 სექტემბერს პოლონეთში იხსნება. სავარაუდოდ, კონგრესში მონაწილეობას 200 მდე ჩეჩენი ეროვნების ადამიანი მიიღებს მთელი მსოფლიოდან. სტუმართა შორის ასევე არიან ევროპარლამენტისა და გაეროს წარმომადგენლები.
აღნიშნული კონგრესის მოწვევისა და გამართვის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო კრემლის გაღიზიანება გამოიწვია. პოლონეთში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ალექსეევმა კრემლისა და კადიროვის საწინააღმდეგო ამ კონგრესის ჩატარებას "ძალიან საშიში საქმე" უწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესს ასევე უნდა დაესწროს ლონდონში მცხოვრები ჩეჩნეთის მთავრობის მეთაური ახმედ ზაკაევი, რომელსაც მოსკოვი "ტერორიზმში" ადანაშაულებს.
პოლონური გაზეთის "Gazeta Wyborcza"-ს ინფორმაციით, 2000 წელს ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესი კოპენჰაგენში ჩატარდა. მაშინ რუსეთის მთავრობამ დანიის მთავრობას ახმედ ზაკაევის დაპატიმრება მოითხოვა. ზაკაევი მართლაც დააკავეს, მაგრამ მალევე გაუშვეს, ვინაიდან დანიურმა მხარემ ჩათვალა, რომ რუსეთმა მისი ბრალეულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა.
"მე მივიღე მოწვევა და მხარს ვუჭერ ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესის მიზნებსა და ამოცანებს", _ განაცხადა ზაკაევმა გაზეთთან სატელეფონო საუბრისას.
ამავე დროს, რუსეთის ელჩი პოლონეთში ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს იმის შესახებ, რომ პოლონეთში 16-17 სექტემბერს დაგეგმილი კონგრესისადმი მოსკოვის დამოკიდებულება უკიდურესად ნეგატიურია. "რუსეთის ფედერაცია აწარმოებს მძიმე ბრძოლას მსოფლიო ტერორიზმთან. შეუძლებელია ტერორიზმი იყოს ნაციონალური და მას არ აქვს რელიგიური ელფერი", _ აცხადებს ელჩი. მისივე თქმით, მოსკოვს აქვს უტყუარი ფაქტები იმისა, რომ ზაკაევი ტერორისტული საქმიანობის იყო დაკავებული. ამიტომაც, მისივე თქმით, როდესაც რუსეთის ფედერაცია აქვს ინფორმაცია, რომ ტერორიზმში ბრალდებული ესა-თუ ის პიროვნება, რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება, იგი ამ ქვეყნის მთავრობას მიმართავს მისი დაპატიმრებისა და ექსტრადაციის მოთხოვნით.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მოსკოვის პროტესტისა პოლონური მხარის დამოკიდებულება ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესის პოლონეთში ჩატარებისადმი ლოიალურია. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იგი "ყურადღებით და გულისყურით" ადევნებს თვალს კონგრესის ჩატარებისადმი მომზადებას.
"იმედი მაქვს კონგრესზე არ იქნება წინ წამოწეული საკითხები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიულ მთლიანობას და რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან ჩვენს ურთიერთობებს მოსკოვთან", _ განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარცინ ბოსაცკიმ და დასძინა, რომ პოლონეთის მთავრობას არავითარი საფუძველი იმისა, რომ თავის ტერიტორიაზე ახმედ ზაკაევი არ შეუშვას არ აქვს.
კონგრესის პრეზიდენტი და მთავარი ორგანიზატორი დენი ტეპსი კი აცხადებს, რომ კონგრესზე წამოყენებული იქნება მოთხოვნა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისა, რომელიც კავკასიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების საკითხებს შეისწავლის და 20 ათასზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ბედით დაინტერესდება.