ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოზე, ქართულმა მხარემ თავისი არგუმენტები წარადგინა. სხდომაზე გამოსვლისას იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თეა ბურჯალიანმა, რუსეთის ბრალეულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებდან ეთნიკური ქართველების გამოდევნას ხელი სწორედ რუსეთის ფედერაციამ შეუწყო. ბურჯალიანის განცხადებით, პასუხისმგებლობაც რუსეთს უნდა დაეკისროს.
"რუსეთმა ეთნიკური დისკრიმინაცია საქართველოში ჯერ კიდევ 1991 წელს დაიწყო, მას შემდეგ ეთნიკური ქართველები ე. წ. სამხრეთ ოისეთისა და აფხაზეთის ტერიტორიიდან იძულებით გამოდევნეს. დევნა ახლაც გრძელდება. რუსეთმა ამ პროცესს ხელი შეუწყო და მთელი პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება. რუსეთმა არ გაატარა პრევენციული ღონისძიებები ამ აგრესიის აღსაკვეთად", - აღნიშნა ბურჯალიანმა და სასამართლოს წევრებს მიმართა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რუსეთთან გარკვეული პოლიტიკური და სამართლებრივი უთანხმოება აქვს, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის უფლება აქვს.
"საქართველოს აქვს რუსეთან ბევრი პოლიტიკური და სამართლებრივი უთანხმოება, თუმცა ეს არ აძლევს რუსეთს იმის უფლებას, რომ განაგრძოს ქვეყნის ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია. უკანონო პასპორტიზაცია და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა ხელს უშლის ქართველებს შეინარჩუნონ საკუთარი კულტურა", - განაცხადა ბურჯალიანმა.
მისი თქმით, დღეს გალის რაიონში მდგომარეობა ისეთივეა, როგორც 2008 წლამდე ახალგორში იყო. ბურჯალიანის განცხადებით, დევნილები საკუთარ სახლებში უნდა დაბრუნდენ და არგუმენტად გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია მოიყვანა.
სიტუაცია ისეთივეა გალში, როგორც ახალგორში, როდესაც 2008 წლამდე საქართველოს ხელისუფლების კონტროლქვეშ იყო. ახალგორის მოსახლეობის უმრავლესობა ყოველთვის იყო ეთნიკურად ქართველი, ომის შემდეგ მათი რაოდენობა 7000-დან, 1000-მდე შემცირდა, ისინი არიან ეთნიკური დისკრიმინაციის მსხვერპლნი. გასულ კვირას გაერომ რეზოლუციით დამტკიცა, რომ დევნილები სახლებში უნდა დაბრუნდნენ", - განაცხადა ბურჯალიანმა ჰააგაში სასამართლოს სხდომაზე გამოსვლის დროს.
როგორც ცნობილია, ჰააგის სასამართლოში მიმდინარე პროცესი ეხება რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CERD) დარღვევას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც გამოიხატებოდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდით, მათი დისკრიმინაციით, მათ შორის ძალადობით და მათთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევით, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ქართული კულტურისა და იდენტობის განადგურებით.
საჯარო მოსმენები 17 სექტემბრამდე გაგრძელდება. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი წარმოადგენენ.