"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი პოლიციის უფლებების გაზრდას აპროტესტებს. ამის შესახებ განცხადება გია ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე "პოლიციის შესახებ~ კანონში ცვლილებების შეტანის პროექტთან დაკავშირებით გააკეთა.
კანონპროექტი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრების ლაშა თორდიას, კახა ანჯაფარიძის და ზვიად კუკავას მიერ არის მომზადებული და პოლიციისთვის "გონივრული ეჭვის~ საფუძველზე ყოველგვარი ნებართვის გარეშე მოქალაქის გაჩერების და მისი ზედაპირული დათვალიერების უფლებს აძლევს.
კანონპროექტის თანახმად, პოლიციელი უფლებამოსილია, შეაჩეროს პირი თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ. შეჩერების ვადა გონივრული ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისთვის აუცილებელი ასევე გონივრული ვადა უნდა იყოს.
პროექტის თანახმადვე, პოლიციელი უფლებამოსილია, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწარმოოს ზედაპირული შემოწმება. თუ ზედაპირული შემოწმებისას წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, ჩხრეკა უკვე კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად ატარებს.
ცაგარეიშვილი ამ ცვლილებას "პოლიციისთვის ეჭვის საფუძველზე მოქალაქის შეჩერების გადაწყვეტილებას, ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკის დაკანონების მცდელობად~ აფასებს და აღნიშნავს, რომ `იმას, რასაც აქამდე ბატონი ივანე მერაბიშვილი უკანონოდ აკეთებდა, ახლა კანონპროექტის ავტორები - კახა ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და ლაშა თორდია შეეცდებიან, რომ მას ამის გაკეთება დაუკანონონ.~
"ამ კანონპოექტის მიღების შემდეგ თუ თქვენ ნახავთ ვინმეს კედელთან აყუდებულს და პოლიციელს, რომელიც აყუდებული ადამიანის სხეულზე უშნოდ აფათურებს ხელებს, იცოდეთ, რომ მიმდინარეობს ადამიანის შემოწმება, რომლის დროსაც შესაძლოა შემოწმებული ადამიანის ჯიბეში აღმოჩნდეს 2 აბი სუბოტექსი, 5 გრამი ჰეროინი, 3 გრამი მარიხუანა და ასე შემდეგ", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია, ვინაიდან არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
სწორედ ამიტომ იგი საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტირებულ კორპუსს და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ ეს საკითხი უყურადღებოდ არ დატოვონ.