აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ში შემოღებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ერთი წლით გაახანგრძლივა. აშშ-ს პრეზიდენტის აღნიშნული განკარგულება უკვე გადაგზავნილია ე.წ. ფედერალურ რეესტრში, სადავ აშშ-ს მთავრობის ყველა ოფიციალური დოკუმენტია თავმოყრილი. ობამას აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად რომ არ მიეღო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ავტომატურად გაუქმდებოდა.
საგანგებო მდგომარეობა აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ რამდენიმე დღეში 14 სექტემბერს შემოიღეს. სულ აღნიშნული ტერაქტის შედეგად დაახლოებით სამი ათასამდე ადამიანი დაიღუპა. აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავისი გადაწყვეტილება "შეერთებულ შტატებზე ჯერ კიდევ შენარჩუნებული თავდასხმის საფრთხით" ახსნა. მას შემდეგ აღნიშნული განკარგულება ყოველწლიურად გრძელდება.
"ტერორისტული საფრთხე რომელიც 2001 წლის 14 სექტემბერს საგანგებო მდგომარეობის შემოღების საფუძველი გახდა ამჟამადაც შენარჩუნებულია. ამიტომაც მე, აუცილებლობად ჩავთვალე, რომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედება 2010 წლის 14 სექტემბრის შემდეგაც გაგრძელდეს", _ ნათქვამია ბარაკ ობამას მიერ აშშ-ს კონგრესისათვის გაგზავნილ მიმართვაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საგანგებო მდგომარეობა რიგ დამატებით უფლებებს ანიჭებს პრეზიდენტს, რომლებითაც სარგებლობა მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია.