დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ კაკლისყურის აზერბაიჯანულ მხარეს მოხვედრის საფრთხე არ არსებობს. როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ განმარტა, მდინარის მიერ კალაპოტის შეცვლის საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს, თუმცა, ასეც რომ იყოს, "მდინარის კალაპოტის შეცვლა საზღვრების შეცვლას არ ნიშნავს".
"ეს პრობლემა ჩვენთვის ცნობილია და აღნიშნული მონაკვეთის მონიტორინგი მუდმივად ხორციელდება. როგორც წესი, მდინარე ადვილად არ იცვლის კალაპოტს, მაგრამ მინდა კარგად გაიგოს ყველამ, რომ მდინარის კალაპოტის შეცვლა სახელმწიფო საზღვრების შეცვლასთან კავშირში არ არის", - განაცხადა ხაჩიძემ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დედოფლისწყაროს რაიონის გამგებელმა ნუკრი შანშიაშვილმა განუცხადა, სოფელის გვერდით მდინარე ალაზანი ჩამოდის, რომლის ადიდების შემთხვევაში სოფლის ნახევრის აზერბაიჯანულ მხარეზე დარჩენის საფრთხე არსებობდა, თუმცა 2006 წელს გაკეთებული ჯებირების შემდეგ ეს საფრთხე აღარ არსებობს.