ყირგიზეთსა და აშშ-ს შორის ერთი წლით გაგრძელდა ხელშეკრულება "მანასის" სამხედრო ბაზის იჯარის შესახებ.
ბიშკეკთან განლაგებულ ბაზას ამჟამად ტრანზიტული გადაზიდვების ცენტრით მოიხსენიებენ და როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, ყირგიზეთის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ამერიკული მხარე ბაზას კიდევ ერთი წელი გამოიყენებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაზის იჯარის გაგრძელებას ხელშეკრულება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში მოეწერა. თუმცა, არც ვაშინგტონს და არც ბიშკეკს აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.
აშშ-სა და ყირგიზეთს შორის 2009 წლის ივლისში გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით საიჯარო ვადად განსაზღვრული იყო 5 წელი, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში დააკონკრეტეს ხელშეკრულება ყოველწლიურად უნდა გაგრძელდეს.
ვაშინგტონის ინფორმაციის მიხედვით, ერთწლიანი იჯარის ღირებულება 60 მილიონ დოლარს შეადგენს.
ბაზა 2001 წლიდან ფუნქციონირებს და განლაგებულია ბიშკეკის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე. მასზე 1200 ამერიკელი ჯარისკაცია დისლოცირებული.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, მანასის ბაზა ავღანეთის ოპერაციისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს და ის ამერიკული ტვირთების გადაზიდვის უმნიშვნელოვანესი პუნქტია.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ყოველთვიურად "მანასის" ბაზიდან ავღანეთში და უკან კოალიციის ჯარების 15 ათასი სამხედრო მოსამსახურის გადაყვანა ხდება.