იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ირინა ბოკოვამ დაგმო ცნობილი ერაყელი ჟურნალისტის რაიდ ალ-სარაის მკვლელობა. ჟურნალისტი 7 სექტემბერს საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს.
"ვგმობ რაიდ ალ-სარაის მკვლელობას. ჟურნალისტებზე ასეთი თავდასხმა არის არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტარული უფლების ხელყოფა, არამედ მთლიანად საზოგადოების. ის, რომ ერაყში ასეთი ფაქტები ხშირად ხდება დაუშვებელია", - განაცხადა იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა.
მან მიმართა ერაყის მთავრობას, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს აღნიშნული ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით რათა დამნაშავე პირები სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. 35 წლის ჟურნალისტს რაიდ ალ-სარაის სახელმწიფო ტელეარხზე რელიგიური და პოლიტიკუირ პორგრამები მიჰყავდა.
ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრის გარეშე" მონაცემებით, ეს არის ერაყის სახელმწიფო ტელეარხის ჟურნალისტის მკვლელობის მე-15 ფაქტი სადამ ჰუისეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ.
2003 წლის მარტიდან კი ერაყში 230 ჟურნალისტი და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თანამშრომელია მოკლული.