რუსეთში არ გამორიცხავენ, რომ ვლადიკავკაზში განხორციელებული ტერაქტით ბოევიკებმა შური იძიეს საიდ ბურიატსკის და მისი თანამებრძოლების მკვლელობისათვის. ამავე დროს, კავკასის ემირად წოდებული დოკუ უმაროვი ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს, მისსავე ტერიტორიაზე ტერაქტების სერიის გაგრძელებას პირდება.
გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციით, გამოძიება მიიჩნევს, რომ ვლადიკავკაზში მომხდარი ტერაქტი ეკაჟევოში ჩატარებული სპეცოპერაციისათვის შურისძიება იყო. ეკაჟევოში სპეცოპერაცია რუსმა სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის მარტში ჩაატარეს, რომლიც შედეგადაც მოკლული იქნა 7 კავკასიელი მებრძოლი, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე ტიხომიროვი, ზედმეტსახელად საიდ ბურიატსკი მოკლეს.
როგორც ადრე იყო ცნობილი, კავკასიელი მებრძოლების იდეოლოგი საიდ ბურიატსკი ვინმე დობრიევის სახლში იმალებოდა. ვლადიკავკაზში კი გუშინ აფეთქებული "ვოლგის" ტიპის ავტომობილი ასევე ვინმე დობრიევის სახელზე იყო გაფორმებული და მას ეკუთვნოდა. ავტომობილის მფლობელი დობრიევი აცხადებს, რომ მან ოთხშაბათს თავისი ავტომობილი სოფელ ეკაჟევოს მკვიდრს მიჰყიდა. სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ ამ დობრიევს შესაძლოა ტერაქტთან კავშირი ჰქონდეს. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავები ჯერ ჯერობით არ ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებული დობრიევი იგივე დობრიევია რომლის სახლშიც ბურიატსკი იმალებოდა თუ საუბარი მხოლოდ მის მოგვარეზე მიდის.
ამავე დროს, საინტერესოა, რომ კავკასიის ემირად წოდებულმა დოკუ უმაროვმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც პირობა დადო, რომ რუსეთის ტერიტორიაზე "სპეცოპერაციები" ჩატარებას გააგრძელებს.