რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს, „როსკომნადზორი“ BBC-ის რუსულ ბიუროს ტერორისტული დაჯგუფების იდეოლოგიის გავრცელებასა და პროპაგანდაში ადანაშაულებს. საუბარი კონკრეტულად შეეხება ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუბაქარ ალ-ბაღდადის ციტატას, რომელიც გამოყენებულ იქნა საინფორმაციო მასალაში, რამაც „როსკომნადზორის“ თქმით რუსული კანონმდებლობა დაარღვია.
„როსკომნადზორმა” განაცხადა, რომ ის შეამოწმებს BBC-ის საქმიანობის რუსეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობას.
BBC- ის მიერ გამოქვეყნებული მასალების გადამოწმების შესახებ „როსკომნადზორის“ განცხადების საპასუხოდ ბრიტანულმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ ის მუშაობს იმ ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც იგი მაუწყებლობს.
BBC- ის წარმომადგენელმა თქმით, რუსეთში, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, BBC უზრუნველყოფს აუდიტორიის დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ადგილობრივი კანონმდებლობის ყველა წესისა და რეგლამენტის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ „როსკომნადზორის” BBC-ის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებს წინ უძღოდა დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს (OFCOM) კრიტიკა რუსული ტელეარხის Russian Today-ის ბრიტანული ბიუროს მიმართ. OFCOM-ის მტკიცებით, რუსულმა ტელეარხმა სკრიპალების მოწამვლის გაშუქებისას მოვლენები შეგნებულად დაამახინჯა.
OFCOM-ის კრიტიკა ყურადღების მიღმა არ დარჩენია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს მარია ზახაროვას, რომელმაც განაცხადა, რომ რუსული მედიის საქმიანობაში ჩარევა, სხვა გზას არ უტოვებს რუსეთს, რათა მან საპასუხო ქმედება განახორციელოს.
ამასთანავე, BBC-ი გამოხატავს მზაობას, ითანამშრომლოს „როსკომნადზორთან“.