უნდა გავთავისუფლდეთ პოლიტიკური ვაჭრობისგან, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კონფლიქტში მონაწილე მხარეები უნდა შეეცადონ, რომ მოძებნონ გამოსავალი. მისივე თქმით, მოსამართლეების საკითხი არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის, არამედ ყველას საზრუნავია. შესაბამისად, ხუნდაძე ამბობს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თემის პრივატიზებისგან ყველა უნდა გათავისუფლდეს.
„კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა შეეცადონ, რომ საზოგადოებაში შეიტანონ ნათელი და არა, ვთქვათ, პრივატიზაცია მოახდინონ რომელიმე თემის, მაგალითად, სასამართლოების. ეს არის ყველას სატკივარი, ეს არის ყველას საზრუნავი, ისე, რომ არ არის ერთი ადამიანის, ან რომელიმე ჯგუფის ინტერესი. პარლამენტის უმრავლესობამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ გარკვეულწილად, გადაავადა ეს საკითხი, გადაავადა იმ პირობით, რომ შეიმუშავებს კრიტერიუმებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.