პანკისის ხეობაში, სოფელ ხევისჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 ჰექტარი ტყის მასივი იწვის. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, ხანძარი ერთი კვირის წინ გაჩნდა, მისი ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ორი დღის შემდეგ ნაკვერჩხალი გაღვივდა და ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა.
„ხანძარი მიუვალ ადგილზეა. ხანძარსაწინაარმდეგო სამსახურის მანქანები ვერ უდგებიან. ხანძრის ჩასაქრობად ტყეში 100 კაციანი ბრიგადაა წასული სამხედრო მანქანებით. ისინი ნიჩბებით გამყოფ ღარს თხრიან, რომ ხანძარი მასობრივად არ გავრცელდეს", - აღნიშნა ნასყიდაშვილმა.