მოსკოვის მილიციამ ვლადიკავკაზის ბაზარში მომხდარი ტერაქტის გამო რუსეთის დედაქალაქში შესვლაზე, განსაკუთრებით კი ჩრდილოკავკასიის ნომრების მქონე ავტომობილებზე კონტროლი გაამკაცრა. დაცვა და უსაფრთხოების დაცვის ზომები გაძლიერებულია ასევე მოსკოვის ბაზრებში. განცხადება ამის შესახებ შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟანა ოჟიმინამ გააკეთა.
"ვლადიკავკაზში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა მოსკოვის მილიციის განყოფილებების ხელმძღვანელებს ქალაქში შესვლაზე კონტროლის გამკაცრება დაავალა. მისივე მითითებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ავტომობილებს რომლებსაც ჩრდილოკავკასიის სახელმწიფო ნომრები აქვთ", _ განაცხადა ოჟიმინამ.
შეგახსენებთ, ვლადიკავკაზის ბაზარში მომხდარ აფეთქებას, ბოლო ინფორმაციით, 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჩრდილო ოსეთის შს სამინისტროს მონაცემებით, აფეთქებს სიმძლავრე 25-30 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი იყო.