ყვარლის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
როგორც შესაბამისი სამსახურების ოფიციალური პირები აცხადებედნენ, ყვარელში ცეცხლის ჩაქრობა რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდებოდა, თუმცა ამ დროისთვის მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი ყვარლის ტყეში, ე.წ. ვაზოვანის ტერიტორიაზე 5 სექტემბერს გაჩნდა. სატყეო სააგენტოს დირექტორის პაპუნა ხაჩიძის ინფორმაციით, 50 ჰექტარი ტყის მასივი განადგურებულია. ამ ინფორმაციას კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი არ ადასტურებს. მისი თქმით, ხანძარმა ძირითადად ბუჩქები გაანადგურა.
ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად შსს-ს ყვარლის რაიონულ სამმართველოში გამოძიება მიმდინარეობს.