მეოთხე დღეა ყვარლის ტყეში ხანძრის ლიკვიდირება ვერ ხერხდება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გია ცინცაძემ განუცხადა, ცეცხლი მასშტაბი გაიზარდა და რთული რელიეფის გამო მისი ჩაქრობა გაძნელებულია.
„სახანძრო სამაშველო მანქანები ციცაფო ფერდობის გამო ცეცხლის კერამდე ვერ მიდიან. ამიტომ დღეს დილიდან ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თნამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა ერთობლივად ცდილობენ ხანძრის ლიკვიდირებას", - განაცხადა გია ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი ყვარლის ტყეში, ე.წ. ვაზოვანის ტერიტორიაზე 5 სექტემბერს გაჩნდა. სატყეო სააგენტოს დირექტორის პაპუნა ხაჩიძის ინფორმაციით, 50 ჰექტარი ტყის მასივი განადგურებულია. ამ ინფორმაციას კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი არ ადასტურებს. მისი თქმით, ხანძარმა ძირითადად ბუჩქები გაანადგურა.
ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად შსს-ს ყვარლის რაიონულ სამმართველოში გამოძიება მიმდინარეობს.