დიახ, ვადასტურებ, რომ ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიექტური აზრით, ჩატარებული არ იყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას კომისიას ჰქონდა მანდატი ემუშავა იმაზე, სახელმწიფო მოხელეების მხრიდან იყო თუ არა გარკვეული გადაცდომები საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც მისივე თქმით, კომისიამ ვერ დაადგინა.
"როდესაც სახელმწიფომ პარლამენტში კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ პირადად მე ვფიქრობდი, რამდენად შეეძლო ამ კომისიას ხარისხობრივად განევითარებინა თუნდაც ჩვენი საპარლამენტო დემოკრატია. კომისიას ჰქონდა მანდატი ემუშავა იმაზე, სახელმწიფო მოხელეების მხრიდან იყო თუ არა გარკვეული გადაცდომები საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც ობიექტურად რომ ვთქვათ, კომისიამ ვერ დაადგინა. გარდა ამისა, სამწუხაროდ, კომისიამ აბსოლუტურად გაუმართლებლად დაიწყო კონკრეტული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების ძიება, რაც ასევე ვერ დაადგინა. ვერ მომიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც კომისიამ დაადგინა და იყო ახლადგამოვლენილი ფაქტი, რაც არ იყო ან ერთი ან მეორე გამოძიების ფარგლებში. კომისიამ ვერ შესძლო დაედასტურებინა, რომ საგამოძიებო მოქმედებები, რაც არ ჩატარდა, იყო განზრახულად არჩატარებული და ამან საბოლოო შედეგზე იქონია თუ არა გავლენა. კომისიის მანდატი სწორედ ამის დადგენა იყო“, - განაცხადა გახარიამ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით როგორც მინისტრი სრულ პასუხისმგებლობას იღებს და მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ასევე პარლამენტის კომისიამ.
გახარიას განცხადებით, სამოხელეო გადაცდომებზე სისხლის სამართლის საქმე უნდა დაიწყოს და მზადყოფნას გამოთქვამს, ჩვენება პირველმა მისცეს.
"გიდასტურებთ, დღესაც არ ვიცი, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარდა, იყო განზრახ არჩატარებული და იქონია თუ არა ამან საბოლოო შედეგეზე გავლენა. ვთვლი, რომ სამოხელეო გადაცდომებზე უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმე და მზად ვარ, პირველი მივიდე და ჩვენება მივცე. ასევე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს კომისიამ იმაზე, რაც მას უნდა შეესრულებინა", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.