თეა თუთბერიძე შვიდი არასრულწლოვანი პატიმრის შეწყალებას ითხოვს, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგად პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ამის შესახებ განცხადება თეა თუთბერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
დუმბაძე ლევანი, დარბაიძე რატი, ზერეკიძე გიორგი, ხაბურზანია ივანე, მინდელი მერაბი, რეხვიაშვილი ლაშა და გოცაძე ბექა _ ეს იმ პატიმრების ჩამონათვალია, რომლებიც ეროვნული გამოცდებით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდნენ.
თუთბერიძის განცხადებით, წინა წლებისგან განსხვავებით განათლების მინისტრი აღნიშნული პატიმრების შეწყალების კომოსიასთან წარდგენას არ აპირებს და ამის მიზეზი შესაწყალებელთა სიაში მოხვედრილი გიორგი ზერეკიძეა, "რომლის საქმეც რამდენიმე წლის წინ, კრიმინალთან ბრძოლის სიმბოლოდ აქცია სახელმწიფომ".
თეა თუთბერიძემ დრევანდელ პრესკონფერენციაზე იმ უმაღლესი სასწავლებლები რექტორებსაც მიმართა, რომლებშიც აღნიშნული პატიმრები მოხვდნენ და მოუწოდა, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო პოზიციას არ შეიცვლის, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა იაქტიურონ და მათ მიმართონ შეწყალების კომისიას.
"თუ სახელმწიფო უარს იტყვის ამ ბავშვების შეწყალებაზე, გამოვა, რომ არა მარტო ამ ბავშვებს ვუკარგავთ სტიმულს, არამედ მათაც ვისაც ეგონა და ჰგონია, რომ თუ ისწავლის და უმაღლესში მოხვდება, თავისუფლებას მოიპოვებს და სწავლას შეძლებს", - განაცხადა თეა თუთბერიძემ