Le Figaro: საფრანგეთსა და რუსეთს შორის "მისტრალთან" დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია
თბილისი.08.09.10."ჯი-ეიჩ-ენი". რუსეთსა და საფრანგეთს შორის ვერტმფრენმზიდ "მისტრალის" ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებში ბევრი პრობლემა შეიქმნა. ამის შესახებ გაზეთი "Le Figaro" წერს.
გაზეთის ინფორმაციით, სირთულეებმა ჯერ კიდევ ამ ზაფხულს იჩინეს თავი. "Le Figaro" მოლაპარაკებათა პროცესთან დაახლოებულ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შექმნილი სიტუაცია "მისტრალის" ირგვლივ "ძალიან რთულია".
"Le Figaro" ასევე აღნიშნავს, რომ არსებითად, მოლაპარაკებები რუსეთისათვის ვერტმფრენმზიდების მშენებლობის საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების გამო შეჩერდა, ასევე იმის გამოც, რომ საფრანგეთს სამხრეთ კორეიდან კონკურენტი გამოუჩნდა.
კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი, რომელზეც გაზეთი საუბრობს - ტექნოლოგიების საკითხია, რომლებიც სავარაუდოდ რუსეთს უნდა გადაეცეს გემებთან ერთად.
"ვერტმფრენმზიდზე არ არის შეიარაღება და მასზე აშშ-ში წარმოებული ელექტრონული სისტემებია დამონტაჟებული. ეს სისტემები აუცილებელია სარდლობისათვის, ინფორმაციის მოპოვებისათვის და სადაზვერვო მონაცემების მიღებისათვის", _ წერს "Le Figaro" და აღნიშნავს, რომ მოქმედი საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ვაშინგტონში უფლება აქვთ აშშ-ში ნაწარმოები ზოგი მოწყობილობის ექსპორტზე აკრძალვა მოითხოვონ.
ამას გარდა, გაზეთი ასევე წერს, რომ ბალტიის ქვეყნების, ასევე საქართველოსა და პოლონეთის წარმომადგენლები აქტიურად მოითხოვენ რუსეთს ვერტმფრენმზიდები არ მიეყიდოს. აშშ-ს კი არაერთგზის განუცხადებია, რომ მას ეს ფრანგულ-რუსული პროექტი არ მოსწონს.