პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა თავისი მისამართით ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის კრიტიკა გააპროტესტა და მას ურჩია ნუ ჩაერევა სხვა ქვეყნების საქმეებში და საკუთარი ქვეყნის პრობლემებით დაკავდეს.
"არის მრავალი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვიდა აჰმადინეჯადი ქვეყნის სათავეში, მაგრამ ეს ირანელი ხალხის საქმეა. მას (აჰმადინეჯადს) არავითარი უფლება არა აქვს პალესტინელების საქმეში ჩაერიოს", _ განაცხადა აბასმა ტელეარხ "ალ-არაბიას" ეთერში.
ამას გარდა, მაჰმუდ აბასმა ასევე ურჩია ირანის პრეზიდენტს "საკუთარი ქვეყნის საშინაო საქმეებით დაკავდეს და იმას მიაციოს ყურადღება რაც იქ ხდება". აბასმა დასძინა, რომ "აჰმადინეჯადი პალესტინელი ხალხისა და მათ საქმეებზე მზრუნველად არავის დაუნიშნავს".
შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ აბასს პალესტინელი ხალხის უკანონო ლიდერი უწოდა. მანვე განაცხადა, რომ აბასს "პალესტინელი ხალხის სახელით საუბრის უფლება არა აქვს".