11:00 საათისთვის „სამართლიან არჩევნებს“ საუბნო კომისიებში წარდგენილი აქვს 10 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში - 5. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“„სამართლიანი არჩევნებიდან“ აცნობეს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.
„საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესის დაწყების შემდეგ, საყურადღებოა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს წილისყრის წესის და სხვა პროცედურების დარღვევები.ამ დროისთვის, „სამართლიან არჩევნებს“ საუბნო კომისიებში წარდგენილი აქვს 10 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში - 5 საჩივარი“, - იტყობინება „სამართლიანი არჩევნები“.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 651 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ასევე წარმოდგენილი არიან საზღვარგარეთ გახსნილ 12 საარჩევნო უბანზე. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.