რაზე მედავებიან, ვერ გავიგე, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში იური მეჩითოვი მის მიმართ გამოთმქულ ბრალდებებს, რომელიც „ალ ჯაზირას“ ეთერში, 9 აპრილის შესახებ გასულ ფილმში მისმა კომენტარმა გამოიწვია.
ფილმში მეჩითოვი ამბობს, რომ 1989 წლის 9 აპრილს არავინ მოუკლავთ, რომ ხალხი უჰაერობის შედეგად დაიხრჩო.
„ეს ხალხი, ვინც ამ სიბინძურეებს წერს, მეტწილად დაბადებულიც არ იყო, როცა მე ეს ტრაგედია გულში გავატარე და ახლაც განვიცდი. რაზე მედავებიან, ვერ გავიგე. რა ვქნა, რომ მე ცოტა მეტი ვიცი იმის ირგვლივ, რაც მოხდა და არაერთხელ მითქვამს საჯაროდ ტელევიზიებით. ახლა რა დაკეტაკა ერთად „რუსთავი-2“- ის ერთგულ მაყურებელს? არა გცხვენიათ?“, – წერს სოციალურ ქსელში იური მეჩითოვი.
შეგახსენებთ, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამტკიცებს, რომ 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამოსული მშვიდობიანი მოქალაქეები ოკუპანტებს ნიჩბებით არ მოუკლავთ.იური მეჩითოვმა ტელეარხ Al Jazeera-ს მიერ მომზადებულ ფილმში განაცხადა, რომ 1989 წლის 9 აპრილს 20 ქალბატონი დაიღუპა ასფიქსიის გამო. არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები. „9 აპრილის პროტესტის დროს შეკრებილები 13-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იყვნენ ძირითადად. 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ მათთვის ეს ერთგვარი შოუ იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ. ეს შედეგი დანაშაულებრივი ქმედება იყო მათ მხრიდან, ვინც ამის ორგანიზება მოაწყო. ეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმა იყო. არავის უნდოდა ვინმეს მოკვლა. ისინი დაიღუპნენ პანიკური გაქცევისას, 20 ქალბატონი დაიღუპა ასფიქსიის გამო. არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები“, - განაცხადა იური მეჩითოვმა.