ავსტრიის პროკურატურა აპირებს ოფიციალურად დაიწყოს გამოძიება, გასულ წელს ვენაში მომხდარი 26 წლის ჩეჩენი ოპოზიციონერის უმარ ისრაილოვის მკვლელობაში ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მკვლელობაში მონაწილეობაში ასევე ეჭვმიტანილნი არიან რუსი დიპლომატები. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "L'Express"-ი ავრცელებს.
ამასთან ერთად, გამოძიება დარწმუნებულია, რომ მკვლელობა კადიროვის ხალხმა ჩაიდინა მისივე ბრძანებით, ავსტრიაში რუსეთის დიპკორპუსის წარმომადგენელთა დახმარებით.
ისრაილოვი 2009 წლის 13 იანვარს მისი გატაცების მცდელობისას მოკლეს. ორმა ადამიანმა მას რამდენჯერმე ესროლა, რის შემდეგაც ისინი ავტომობილში ჩასხდნენ და მიიმალნენ. აღნიშნული საქმის ფარგლებში დაკავებულია სამი ადამიანი: ოტტო კალტენბრუნნერი (გატაცების ორგანიზატორი), მუსლიმ დადაევი (ისრაილოვის მოთვალთვალე) რომელიც მკვლელობის დროს ავტომობილის საჭესთან იმყოფებოდა და ტურპალ ალი ეშერკაევი, რომელიც თანამზრახველთან ერთად თავს დაესხა ისრაილოვს.
გასულ კვირას სამ ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს, მეოთხე ეჭვმიტანილი ლეჩა ბოგატიროვი, მკვლელობის შემდეგ ავსტრიიდან წავიდა და ერთ-ერთი მონაცემებით ამჟამად რუსეთში იმყოფება. გამოძიება დარწმუნებულია, რომ პისტოლეტიდან სამჯერ ისრაილოვს სწორედ მან ესროლა.
გაზეთი ასევე წერს, რომ ტერორიზმთან ბრძოლისა და უსაფრთხოების ბიუროს მიერ ჩატარებული გამოძიების მონაცემებით, კადიროვის რეჟიმი მსგავს დანაშაულებებს მოსკოვის დახმარებით ახორციელებს.
მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთმა ჩეჩენმა მკვლელმა არტურ კურმაკაევმა გამომძიებლებს მოუთხრო, რომ რუსეთის საელჩოსთან არსებულ სააგენტო " Kommandotruppe Österreich"-ზე მუშაობდა. როგორც გამომძიებლებმა გაარკვიეს, ამ დანაყოფის ერთადერთი ამოცანა, რომელსაც ფრანგული გაზეთი "ჩეჩნური ადმინისტრაციის გაუგებარ ფილიალს" უწოდებს, იყო ის, რომ მოეძებნათ გამოქცეული ოპოზიციონერები. ქვეყანაში ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნებისათვის, ხანდახან აქამდეც კი დევნილებს კლავდნენ.
ავსტრიელი დეპუტატის პეტერ პილცის სიტყვებით, ამ სტრუქტურას 2005 წლის 6 ოქტომბრიდან ჩეჩნეთის შს სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი საიდ-სელიმ პეშხოევი ხელმძღვანელობს. პილცის თქმით, ამჟამად კადიროვისათვის მიუღებელი ადამიანების სია 5 ათასი ადამიანისაგან შედგება, რომელთაგან 500 ლიკვიდაცია იგეგმება. მისივე თქმით, თავად ავსტრიაში 50 ადამიანის მოკვლად აპირებენ.
გაზეთი "L'Express"-ი ასევე წერს, რომ კადიროვისა და რუსი დიპლომატების მონაწილეობის შესახებ გახმაურებულ მკვლელობებში წარმოებულმა გამოძიებამ შესაძლოა საერთაშორისო სკანდალი გამოიწვიოს, რომელიც გაურკვეველია თუ რით დასრულდება მოსკოვისა და ევროკავშირის ურთიერთობებისათვის. გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ რამდენიმე ხნის წინ ევროსაბჭოს ანგარიშებში კადიროვის ჯგუფებს ლათინური ამერიკის სიკვდილის ესკადრონებს ადარებდნენ.
თავად კადიროვი კატეგორიულად უარყოფს მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს და ისრაილოვის გატაცებასა და მკვლელობაში თანამონაწილეობას. კადიროვი ამ ბრალდებას პროვოკაციას უწოდებს და ამ მკვლელობის თავის ვერსიას ახმოვანებს. მისი თქმით, ისრაილოვს ჩეჩნეთში მრავალი მოსისხლე მტერი ჰყავდა და შესაძლოა იგი შურისძიების მიზნით მოკლეს.
გაზეთი "L'Express "-ი ასევე აღნიშნავს, რომ ამჟამად ევროპაში, უპირველეს ყოვლისა კი გერმანიაში, პოლონეთში და ავსტრიაში დაახლოებით 100 ათასი ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს. ისინი ძირითადად მშენებლობებზე მუშაობენ ან წვრილ ბიზნესს ეწევიან.
აღსანიშნავია, რომ გაზეთი "L'Express"-ი აღნიშნული ინფორმაციის გარდა ასევე აქვეყნებს ინტერვიუს მოკლული ისრაილოვის მამასთან - ალი ისრაილოვთან. მამა აცხადებს, რომ მისი ვაჟი მოიცილეს იმიტომ, რომ იგი კადიროვის დამნაშავეობრივი რეჟიმის დანაშაულებების ერთ ერთი არასასურველი მოწმე. მისივე თქმით, მის ვაჟს არა მხოლოდ ესმოდა, თუ როგორ იძლეოდა კადიროვი ვინმეს მოკვლისა და წამების ბრძანებას არამედ თავად ხედავდა თუ როგორ ახორციელებდა პირადად კადიროვი ყოველივე ამას.
"ვლადიმერ პუტინსა და რამზან კადიროვს იმდენად დიდი ძალაუფლება აქვთ, რომ მათ შეუძლიათ თავისუფლად ჩაიდინონ მკვლელობები", _ აცხადებს მოკლული ისრაილოვის მამა.