საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა, 64,74 პროცენტი ქედაში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი მარნეულში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 36,47 პროცენტმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე პრესპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
„20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში - 64.74 %, ხოლო ყველაზე დაბალი მარნეულში - 36.47%. რაც შეეხება თბილისს, საღამოს 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 45.4%-ს. ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემი რომ შევადაროთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების მონაცემს, 2013 წელს აქტივობამ 46.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.