აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის რესპულიკური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძემ ექიმებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისების თაობაზე მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, აღნიშნული მიდგომა განპირობებულია ერთი მხრივ, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობით, მეორე მხრივ სწორედ კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნით, სადაც სახელმწიფო უზრუნველყოფს როგორც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ასევე ფასების ადეკვატურობას.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ სახელმწიფო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ აპირებს გაასხვისოს რესპუბლიკური საავადმყოფო. ცენტრალურ დარგობრივ სამინისტროსთან ერთად, რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და ძალიან მალე შეიქმნება მართვის ცენტრალიზებული სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ახლად აშენებული რესპუბლიკური საავადმყოფოს პირველ ეტაპზე - აღჭურვას, ხოლო შემდგომ უკვე მართვას და ამ კონკრეტულ პროცესში, რა თქმა უნდა, ბოლომდე იქნება დაცული ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ძალიან დასაფასებელი ნაწილის, ექიმების ინტერესი" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სახელმწიფო ჰოსპიტალური სექტორის განვითარების სტრატეგიაზე და ქ. ბათუმის რესპულიკური კლინიკური საავადმყოფო სამედიცინო საქმიანობას სწორედ ამ სტრატეგიის შესაბამისად გააგრძელებს.