ქობულეთში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა.
მოქალაქეთა ნაწილმა სალომე ზურაბიშვილის ქობულეთში ჩასვლა გააპროტესტა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, კანდიდატს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს და აფხაზეთს განგრენას უწოდებს, მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
სალომე ზურაბიშვილი მის წინააღმდეგ გამართულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს შეაფასებს ამომრჩეველი 28 ოქტომბერს, როცა შემოხაზავს 48-ს.
„რა შეფასება უნდა მიეცეს პროვოკაციებითა და ლანძღვა-გინებით საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელის შეშლის მცდელობას თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში? ამ ყველაფერს მე ვერ შევაფასებ, შეაფასებს ამომრჩეველი 28 ოქტომბერს, როცა შემოხაზავს 48-ს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბათუმშიც იმყოფებოდა, სადაც ასევე ხმაური იყო.