აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინსტიტუციური სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტზე საერთაშორისო ორგანიზაცია იმუშავებს.
პროექტი სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურის, ინსტიტუციური სტრატეგიული დაგეგმვისა და ადამიანური რესურსების მართვის განვითარების დოკუმენტის შექმნას ითვალისწინებს.
პროექტს „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და მას საკონსულტაციო კომპანია „ჯი ი სი“ ახორციელებს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ საკონსულტაციო კომპანია „ჯი ი სი“- ს პარტნიორთან გიორგი სიმონგულაშვილთან და კომპანია "UNDP"- ის პროექტის მენეჯერთან ნანიკო წიკლაურთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მინისტრმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის სამინისტროს საქმიანობის მნიშვნელობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა და ამ პროცესის კიდევ უფრო ეფექტური განხორციელების კუთხით, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.
ჯაბა ფუტკარაძე გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებით დაინტერესდა. პროექტის მიხედვით საერთაშორისო ორგანიზაცია სამინისტროს სამწლიან სტრატეგიას და ერთ წლიანი სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს. გარდა ამისა, სამინისტროს ფუნქციური ანალიზი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციულ სტრუქტურასთან/ფუნქციურ განაწილებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციები მოზადდება.
პროექტის საწყის ეტაპზე სამინისტროს დეპარტამენტების ფუნქციების დეტალური აღწერა მოხდება, რის შემდეგაც კონსულტანტები ინდივიდუალურ შეხვედრებს დეპარტამენტების და განყოფილებების ხელმძღვანელებთან გამართავენ.
აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.