მედიაში გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერები და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები პოლიტიკურად მოტივირებულია, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომელმაც თბილისის პროკურატურის შენობა უკვე დატოვა.
მისი თქმით, მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია.
რაც შეეხება სატელეფონო ჩანაწერების ავთენტურობას, ყიფიანი ამბობს, რომ ამას შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
შეგახსენებთ, ლევან ყიფიანმა 14 სექტემბერს საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.
მანამდე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა „იბერიას“ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთ ფარული ჩანაწერი გაავრცელა.
ჩანაწერში, რომელსაც „კურიერი“ ავრცელებს, ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცენ.
„რუსთავი 2“-ის მტკიცებით, აუდიოჩანაწერში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის და ფინანსთა ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გვარები ისმის.
ჩანაწერში ისევ საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ.
მათივე ცნობით, ირკვევა, რომ ყიფიანი ოქუაშვილთან წინადადებათა პაკეტით ხელისუფლების სახელით არის მისული.
რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსსა და ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს ახსენებს, როგორც მათ გულშემატკივარს. ასევე ყოფილ ვიცე-პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს.
აუდიოჩანაწერში ყიფიანი და ოქუაშვილი საუბრობენ სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა“.