ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ხელისუფლებას დახმარებას და ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ. როგორც ისინი განმარტავენ, ზარალი საკმაოდ დიდია.
არსებული ინფორმაციით, მეპატრონეებს სავაჭრო ობიექტები დაზღვეული არ ჰქონდათ.
ცნობისთვის, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი სავაჭრო ცენტრს ცეცხლი წუხელ გაუჩნდა. დაიწვა და დაზიანდა 10 მაღაზია. ასევე, სავაჭრო ცენტრის სახურავი. ჯამში სულ 560 კვ.მ ფართობი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის სწრაფ გავრცელებას სავაჭრო ცენტრში არსებულმა ადვილად აალებადმა პროდუქციამ შეუწყო ხელი.
ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე ბაზრობაზეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი - 65 მეხანძრე - მაშველი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.