„შსს-ს თუ პროკურატურის წარმომადგენლებთან ყოველი შეხვედრის შემდეგ უფრო მეტი კითხვა გვრჩება, ვიდრე პასუხებს ვიღებთ,“ - ეს განცხადება „ხორავას ქუჩის“ საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძე, კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. “მაგალითად, გაურკვეველია ის ვერსია, რომელიც პროკურატურას აქვს და იცავდა, საიდან მოდის და რას ეყრდნობოდა. მ.კ-სთან მიმართებაში დამოკიდებულებას და გ.ბ-სთან მიმართებაში არსებულ მტკიცებულებებს ვგულისხმობ. სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით პასუხები ვერ მივიღეთ,” - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
თუმცა, ის აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ „დღეს ერთი საინტერესო დეტალი გაირკვა,რომ გუშინ მირზა სუბელიანმა ჩვენთან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა“.
“რეალურად ცრუ ჩვენება მოგვცა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ბატონ შაყულაშვილს არ შეხვედრია, რომელმაც დღეს შეხვედრის დეტალები მოყვა. აქედან გამომდინარე, ეს დამატებით კითხვებს აღგვიძრავს. სრულიად გაუგებარია ამ ყველაფრის ფონზე როდესაც პროკურატურა და შსს ინფორმაციას ფლობდა, რომ მირზა სუბელიანი, თურმე, ხაზზე პირველ დეკემბერს ცდილობდა გასვლას მაღალჩინოსნებზე. 3-4 დეკემბერს უკვე ცნობილი იყო, რომ ის კალანდიების სახლში იმყოფებოდა. რატომ არ დაკითხეს, ესეც სრულად გაუგებარია. ასევე კითხვის ნიშნები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზის კონკრეტული დასკვნა შეიძლება, პროკურატურისთვის გამოსადეგი ყოფილიყო და მათ ეს დასკვნა არ მოითხოვეს. ამიტომ, მარტივად რომ შევაჯამოთ, ჩვენ კიდევ უფრო მეტი კითხვა გვაქვს და ამ კითხვებს, ისევე როგორც სხვა დამატებით კითხვებს პროკურატურის დარჩენილ მაღალჩინოსნებსაც დავუსვამთ,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
დღეს კომისიამ დადანუაშვილისა და სარალიძის მკვლელობის საქმეზე მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი გაბოძეს და მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის, მიხეილ შაყულაშვილის, ოფიციალური ახსნა-განმარტები მოისმინა.