22-23 ივლისს, კოალიციის „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლები კამპანიის „ძალა ევროპაშია" ფარგლებში საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად აჭარის რეგიონს ესტუმრებიან. ტურის მიზანია, მოსახლეობისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის დადებით მხარეებსა და ამავე დროს, რუსული პროპაგანდის გავლენებზე.
ორი დღის განმავლობაში მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრები დაგეგმილია ქედის, ხელვაჩაურის და ბათუმის მაცხოვრებლებთან. ასევე, შეხვედრა შედგება სტუდენტებთან ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში.
ტურის ფარგლებში მოეწყობა ღია დისკუსიები მოსახლეობასთან, სადაც მათ საშუალება ექნებათ კამპანიის მონაწილეებისგან მოისმინონ, თუ რა უპირატესობა აქვს ევროპულ ინტეგრაციას და გამოხატონ საკუთარი აზრი აღნიშნულ საკითხზე. შეხვედრებზე კამპანიის წარმომადგენლები მოსახლეობასთან დისკუსიას გამართავენ იმის შესახებ, თუ როგორ ვიბრძოლოთ ერთობლივი ძალებით რუსული პროპაგანდის ნარატივის წინააღმდეგ.
კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს სხვა რეგიონებშიც.