ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში საკუთარ სამხედრო კონტიგენტს გაზარდის. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ მიშელ ფურნოიმ განაცხადა.
"არავინ საუბრობს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაზე, არც სტაგნაციაზე, პირიქით, აშშ ამ ქვეყანაში თავის ძალებს გააძლიერებს. ავღანეთში ნატოს სამხედრო კონტიგენტის ზრდას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ახალი გეგმა ითვალისწინებს", - აცხადებს ფურნოი.
უნდა აღინიშნოს, რომ კონტიგენტის ზრდის შესახებ როგორც ამერიკის სამხედრო სარდლობის, ასევე ალიანსის წევრი სხვა სახელმწიფოების მხრიდან არაერთი მოსაზრება გამოითქვა.
ავღანეთში ნატოს დაჯგუფების სარდალი, გენერალი სტენლი მაკკრისტალი მიიჩნევს, რომ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 30-40 ათასი ადამიანით უნდა გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის ავღანეთში 56 ათასი ამერიკელი სამხედრო ჯარისკაცია დისლოცირებული და სავარაუდოდ, მათი რაოდენობა 2009 წლის ბოლოსთვის 68 ათასს მიაღწევს. მთლიანად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ძალების რაოდენობა კი, უახლოეს მომავალში სავარაუდოდ, 71 ათას სამხედრო მოსამსახურით გაიზრდება.
აშშ-ის ადმინისტრაციის მოსაზრებით, სამხედრო კონტიგენტის რიცხოვნობის ზრდა შესაძლებელს გახდის გაიზარდოს ზეწოლა თალიბანის მოძრაობაზე.