ყვარლის რაიონის სოფელ საცხენეს მოსახლეობა ხელისუფლებას ცრუ დაპირებებში ადანაშაულებს. როგორც საცხენეს მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სოფელში გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე იყო ჩასული. მინისტრი ადგილობრივებს დაპირდა, რომ მდინარე შოროხევზე, რომელიც სოფელს წალეკვის საფრთხეს უქმნის, ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდებოდა.
ხაჩიძის დაპირების თანახმად, ნაპირსამაგრის აღდგენითი სამუშაოები 350 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე უნდა ჩატარებულიყო. ამასთან, უნდა გაწმენდილიყო კალაპოტი და მოწყობილიყო გაბიონის დამცავი კედელი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯებოდა. „მდინარეზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება და დაახლოებით თვენახევარში დასრულდება", - განაცხადა საცხენეში მყოფმა მინისტრმა 7 მაისს.
მინისტრის ამ განცხადებიდან 3 თვეზე მეტი გავიდა და საცხენეში ნაპირდაცვითი სამუშაოები არათუ დამთავრდა, არც დაწყებულა.
„ხაჩიძის შემდეგ აქ აღარავინ მოსულა. საცხენეში სკოლა არ გვაქვს და ბავშვები ახალსოფლის სკოლაში დადიან. სკოლაში რომ მივიდნენ, მდინარე შოროხევში, რკინის ხიდზე უნდა გაიარონ. გაზაფხულზე იმხელა წყალი მოდიოდა, რომ სკოლიდან მომავალი ბავშვი მდინარემ წაიღო და დახრჩობას ძლივს გადავარჩინეთ", - ამბობს საცხენეს მკვიდრი რამაზ ჩაჩანიძე.
შეგახსენებთ, რომ სოფელი საცხენე ორ მდინარეს შორის არის მოქცეული. სოფლის მოსახლეობა შველას ითხოვს, რადგან წყალდიდობის შემთხვევაში ადიდებულმა მდინარეებმა დასახლებული ტერიტორია შესაძლოა, ალაზანში ჩაიტანოს. გაზაფხულზე ადიდებულმა მდინარე შოროხევმა ვენახები წაიღო, სოფლის წისქვილი და ერთი საცხოვრებელი სახლი დაანგრია.