ისრაელმა ირანის ატომური ელექტროსადგურის გაშვების ფაქტი დაგმო, მას "სრულიად მიუღებელი" უწოდა და მსოფლიო თანამეგობრობას ოფიციალურ თეირანზე ზეწოლისკენ მოუწოდა.
"სრულიად მიუღებელია, რომ ქვეყნებს, რომელების უხეშად არღვევენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, საერთაშორისო ატომური სააგენტოს გადაწყვეტილებს და საკუთარ ვალდებულებებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ფარგლებში, შესაძლებლობა ქონდეთ ბირთვული ენერგიით ისარგებლონ, _ განაცხადა ისრაელის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ესი ლევიმ.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააძლიეროს ზეწოლა ირანზე, აიძულოს იგი შეასრულოს საერთაშორისო გადაწყვეტილებები, შეაწყვეტინოს ურანის გამდიდრება და რეაქტორების მშენებლობა.
თავის მხრივ, ირანის ოფიციალური წარმომადგენლები ბუშერის აეს-ის გაშვებას ირანელი ხალხის გამარჯვებად აფასებენ.
"აეს-ის გაშვება არის ირანელი ერის სიმამაცის სიმბოლო თვისი მიზნების მიღწევაში", _ განაცხადა ირანის ვიცე-პრეზიდენტმა, ირანის ატომური ენერგიეს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეხმა.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს ირანმა ბუშერის აეს გაუშვა. სადგური რუსეთის მიერ აშენდა.სადგურის გაშვებას ესწრებოდნენ საერთაშორისო ატომური სააგენტოს წარმომადგენლები, ირანისა და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები.
ირანის მხარე ირწმუნება, რომ ატომური ენერგია გამოყენებული იქნება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის, თუმცა დასავლელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ირანს წელიწადში მინიმუმ ერთი ატომური ბომბის შექმნის შესაძლებლობა მიეცემა.
ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესის დასაწყებად სადგურს გაშვებიდან მინიმუმ ორი თვე სჭირდება. ერთობლივი რუსულ-ირანული საწარმო, რომელიც ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ექსპლოატაციას განახორციელებს, ორი წელი იარსებებს. ამის შესახებ "როსატომის" ხელმძღვანელმა სერგი კირიენკომ განაცხადა.
პირველ ეტაპზე საწარმო თანაბარ პარტნიორულ საწყისზე შეიქნება შემდეგ კი მასში რუსეთის წილი შემცირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ატომური ელექტროსადგურისთვის საწვავის მიწოდებას რუსეთი განახორციელებს, ხოლო გამომუშავებული ბირთვული საწვავი რუსეთშიც გაიგზავნება.
სადგურის მშენებლობა 1974 წელს გერმანულმა კომპანიამ Kraftwerk Union A.G დაიწყო. 1980 წელს გერმანია შეუერთდა ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ემბარგოს.