სლოვაკეთის მთავრობამ მოსახლეობისთვის მიცემული პირობა შეასრულა და უკრაინასთან საზღვარი ჩაკეტა.
აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში გრიპის გავრცელება, მათ შორის ე.წ. ღორის გრიპის პანდემია გახდა.
"ვითარება უკრაინაში უფრო და უფრო რთულდება. ამიტომაც აუცილებელი იყო მინიმუმამდე დაგვეყვანა დაავადების შესაძლო აფეთქება ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კალინაკმა.
ქვეყნებს შორის ამ დროისთვის მხოლოდ ერთი მონაკვეთია გახსნილი, სადაც ექიმებისა და სხვადასხვა ექსპერტების ჯგუფებია გაგზავნილი. მათ აქვთ საგანგენო უფლება, დაინფიცირებულ მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრან.
ამასთან, კალინაკის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება დროებითია და მისი მთავარი ამოცანა ეპიდემიისგან ევროკავშირის დაცვა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში გრიპის ვირუსის, მათ შორის ე.წ. ღორის გრიპით დაავადებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. დაინფიცირებულთა რიცხვმა ამ დროისთვის 800 ათასს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 100-ს გადააჭარბა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ე.წ. ღორის გრიპით დაავადებულთა რაოდენობა დიდი არ არის და მოქალაქეები ძირითადად ჩვეულებრივი გრიპით ინფიცირდებიან. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის კონკრეტულად ღორის გრიპით გარდაცვალების მხოლოდ 14 ფაქტია აღრიცხული და რომ სხვა დაღუპულები ამ ვირუსის მატარებელნი არ იყვნენ.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, მედიკამენტების დეფიციტის თაობაზეც.
გრიპის პანდემიის გამო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ 17 იანვარს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა, რამდენიმე თვით, 2010 წლის 30 მაისამდე გადაიდოს.