თელავში აკვაპარკის სამშენებლო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მშენებლობის კოორდინატორმა ლევან დავითაიამ განუცხადა, წინასწარი ინფორმაციით, აკვაპარკი 20 აგვისტოს გაიხსნება და მას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის.
„გარკვეული მიზეზების გამო აკვაპარკის მშენებლობა შეჩერებული იყო. სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ განახლდა და პირველი ეტაპი 20 აგვისტოსთვის დასრულდება. გაიხსნება 3 აუზი და წყლის ატრაქციონი. იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლობა სწრაფად მიმდინარეობს, ხარისხი მაღალი არ იქნება, მაგრამ ინვესტორი თანახმაა, სეზონის დასრულების შემდეგ რეაბილიტაცია ჩატარდეს. საერთო ჯამში პროექტი 3 წლიანია და 2013 წელს უნდა დასრულდეს. პროექტი 8 ჰექტარი ტერიტორიის ათვისებას ითვალისწინებს. დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული მოედნების, სასტუმროს და სხვა ნაგებობების მოწყობა", - აღნიშნა დავითაიამ.
აკვაპარკი ბიზნესმენ აკაკი სულხანიშვილს ეკუთვნის, რომლის საკუთრებაშია თბილისსა და ბათუმში მდებარე აკვაპარკებიც.