ახმეტის რაიონის სოფელ ხევისჭალის მოსახლეობა 20 წელია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. უშუქობის გამო სოფელი ბევრმა ოჯახმა დატოვა. ამ დროისთვის ხევისჭალაში 18 ადამიანიღა ცხოვრობს. მათ დახმარებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.
„ეგე, ბალღი 6 წლისაა და მულტფილმი არ იცის რა არი. ანთებული ნათურაც კი არ უნახავს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ხევისჭალის მკვიდრმა თამრო ხუცურაულმა.
„არჩევნები როცაა, მაშინ ამოვლენ ხოლმე მანქანებით. მოგვიტანენ ყუთს და გვეუბნებიან 5-იანი შემოხაზეთო. ბოლოს როცა ვიყავით გამგებელთან ჩასულები, ვუთხარით, ყურადღებას თუ არ მოგვაქცევ და შუქს თუ არ გამოგვიყვანთ, სოფელში საარჩევნოდაც აღარ ამოხვიდეთო. იცით რა გვითხრა? თქვენი 10 ხმა არაფერს არ ცვლის და ჭკვიანად თუ არ იქნებით, რაც გაქვთ, იმასაც დაკარგავთო. რა გვაქვს, რა გაუკეთებია, რას გვაყვედრის?" , - კითხულობენ ხევისჭალის მაცხოვრებლები.
„ცოტა ხნის წინ მეზობელი დააყაჩაღეს. ექიმის დახმარება სჭირდებოდა და სასწრაფომ აქ ამოსვლაზე უარი გვითხრა. გზა არ ვარგა და ვერ ამოვალთო. 5 000 ლარი იყო გამოყოფილი სოფლისთვის. სამი მანქანა ხევიდან ამოღებული ქვები დაყარეს და გაიხარჯაო ის ფული. ჩვენთვის მოეცათ, ჩვენ უკეთესად გავაკეთებდით. აბა გზა სად არის? არც ტრანსპორტი დადის. მოვიკიდებთ ხოლმე ზურგზე ხურჯინებს და ფეხით დავდივართ. თუ ავად გახდა ვინმე და ექიმი სჭირდება, იმ ტრაქტორს ხომ ხედავთ, სასწრაფოს მაგივრობას ეგ გვიწევს. დაგვსხავს ხოლმე გიორგი და ახმეტაში მივყავართ", - აღნიშნა მაგული დავითაშვილმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის განცხადებით, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ხევისჭალაში მისასვლელი გზა გაკეთდა და მანქანები უპრობლემოდ მოძრაობენ. „შუქს რაც შეეხება. ეგ „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" საქმეა. ისინი კი თვლიან, რომ სოფელში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და მათთვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად სერიოზული თანხების დახარჯვა არ ღირს და პრიორიტეტული არ არის", - განაცხადა ახმეტის გამგებლის მოადგილემ.