დღეს, 18 აგვისტოს, ფრანგი მწერლის, ონორე დე ბალზაკის გარდაცვალებიდან 160 წელი შესრულდა. ონორე დე ბალზაკი 1850 წლის 18 აგვისტოს პარიზში გარდაიცვალა.
ბალზაკი, 1799 წლის 20 მაისს ტურში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი იყო ონორე ბალზაკი, ნაწილაკს "დე", რომელიც მაღალი დონის წოდებას გამოხატავს, ბალზაკი 1830 წლიდან იყენებდა. მამამისმა, ქ. ტურის მერის თანაშემწემ, გლეხური გვარი მალსა არისტოკრატიულ დე ბალზაკად გადაიკეთა. დედა პარიზის წვრილბურჟუაზიული ოჯახიდან იყო.
1803 წლიდან ბალზაკი მიაბარეს ერთ-ერთ პანსიონში, 1807 წლიდან კი ვანდომის სასულიერო კოლეჟში. 1814 წელს ოჯახი პარიზში გადასახლდა. ბალზაკი ჯერ ნოტარიუსის კანტორაში მუშაობდა, თან ლიტერატურის ლექციებს ისმენდა სორბონის უნივერსიტეტში, 1816 წელს იგი მამის ნებართვით სამართლის სკოლაში შევიდა, რომელიც 1819 წელს დაამთავრა, მაგრამ ოჯახს განუცხადა, რომ მისი მოწოდება ლიტერატურა იყო, განმარტოვდა მანსარდში და წერას შეუდგა.
პირველი ლიტერატურული ცდა, ტრაგედია "კრომველი" (1820) სუსტი აღმოჩნდა. 1822 წლიდან ბალზაკმა გზა გაიკვლია მკითხველისკენ: ფსევდონიმით გამოაქვეყნა რამდენიმე მოდური რომანი, რომლებიც შემდგომ თვითონვე უარყო. ხელმოცარულმა კომერციულ საქმეებს მიჰყო ხელი. ბედი სცადა გამომცემლისა და მესტამბის როლში, მაგრამ ეს ცდა იმით დამთავრდა, რომ ვალი დაედო, რომელმაც შემდეგ მისი ლიტერატურილი ჰონორარის უდიდესი ნაწილი ჩანთქა.
პირველი რომანი, რომელიც ბალზაკმა თავისად აღიარა და საზოგადოებაშიც გახმაურდა, იყო "შუანები" (1829). მას მოჰყვა: "ქორწინების ფიზიოლოგია" (1830), "გობსეკი" (1830), "უცხო შედევრი" (1831), "შაგრენის ტყავი" (1831), "ოცდაათი წლის ქალი" (1831). ბალზაკმა შესანიშნავი მთხრობელის სახელი მოიხვეჭა; მას დაუმეგობრდნენ გავლენიანი პირები, არისტოკრატი ქალები, რომელთა მეოხებით მაღალი წრის კარი გაეღო; მოსდიოდა მკითხველთა უამრავი წერილი. ერთ-ერთმა ასეთმა წერილმა 1832 წელს სათავე დაუდო პოლონელი თავადის ცოლთან ე. ჰანსკასთან ბალზაკის ხანგრძლივ რომანს, რომელიც 18 წლის თავზე, მწერლის გარდაცვალებამდე 5 თვით ადრე, მათი შეუღლებით დამთავრდა.
1832 წლის შემდეგ ბალზაკმა დაწერა შემდეგი რომანები და მოთხრობები: "სოფლის ექიმი" (1833), "ეჟენი გრანდე" (1833), "სერაფიტა" (1833), "აბსოლუტის ძიება" (1834), "მამა გორიო" (1834-1835), "ცელქი მოთხრობები" (1832-1837). მან სამწერლო დიდების მწვერვალზე შედგა ფეხი, მცირე ხნით აისრულა კიდეც "ბრწყინვალე ცხოვრების" ნატვრა, ნამდვილი ბალზაკების გერბიც მიითვისა და ნაწილობრივ გოროზი არისტოკრატიული წრეების აღიარებასაც მიაღწია. 1834 წლიდან ბალზაკმა პერსონაჟთა გამეორება დაიწყო სხვადასხვა ნაწარმოებში: მას მოუმწიფდა გეგმა, თავისი თხზულებებით შეექმნა ერთიანი "ადამიანური კომედია", რომელშიც 137 ნაწარმოები უნდა შესულიყო. 1834 წლის შემდეგ დაწერა "გამქრალი ოცნებანი" (1837-1839), "ნუსინგენის სახლი" (1838), "კურტიზანების ბრწყინვალება" (1838), "კურტიზანების ბრწყინვალება და სიღატაკე" (1839-1847), "გლეხები" (1844), "კუზინ ბეტი" (1846), "კუზენ პონსი" (1847) და სხვა.
ბალზაკი მწირივით ცხოვრობდა, ალყაშემორტყმული ულმობელი კრედიტორების მიერ, ჩქარობდა შეესრულებინა თავისი გეგმა და ვალებიც გაესტუმრებინა; ამავე დროს, თავს არ ანებებდა სარდინიაში ვერცხლის მადნის მოპოვებისა და პოლონეთ-საფრანგეთს შორის ხე-ტყის აღებ-მიცემობის წამოწყების ფანტასტიკურ პროექტებს. ამ პროექტების მიმართ გამოიჩინა არაადამიანური შრომისმოყვარეობა, 16-18 საათს მუშაობდა დღე-ღამეში და რკინის ჯანმრთელობა უძილობითა და ყავის გადამეტებული სმით გაინადგურა.
ბალზაკმა მოასწრო 85 რომანისა და მოთხრობის დაწერა და დატოვა 50-მდე თხზულების მეტ-ნაკლებად სრული მონახაზი; შექმნა 2000-პერსონაჟიანი ეპოპეა - მთელი საზოგადოება, რომელსაც თავისი გენეალოგია, გეოგრაფია და ცხოვრების ფილოსოფია აქვს. იგი შთაგონებული იყო ბიუფონის, კიუვიეს, სენტ-ილერის საბუნებისმეტყველო მოძღვრებებითა და მეთოდებით, რომლებიც მხატვრულ პროზაში გადაჰქონდა.
თავისი შემოქმედებით ბალზაკმა მსოფლიო ლიტერატურაში სათავე დაუდო ახლებურ, მონუმენტურ, კრიტიკულ რეალიზმს. ერთგვარი ავტონომიური ადგილი უკავია ბალზაკის შემოქმედებაში პიკანტური ნოველების კრებულს "ცელქ მოთხრობებს", ეს არის უბადლო მოვლენა გასული ეპოქების - აღორძინებისა და შუა საუკუნეების - კულტურის შეგრძნების თვალსაზრისით.
ბალზაკის შემოქმედებას იცნობენ მთელ მსოფლიოში, იგი მრავალ ენაზეა თარგმნილი. ქართულ ენაზე მის თხზულებათა თარგმნას XX საუკუნის 30-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა გ. ქიქოძემ.