იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ".
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიზვილმა განმარტა, მკაცრდება სანქციები ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებისთვის. „შეძენა, შენახვა ხდება მძიმე კატეგორიის დანაშაული. რამდენიმე შენიშვნა გამოთქმული იყო მეორე მოსმენის დროს, რომელიც გავითვალისწინეთ და ავსახეთ, მათ შორის, დამამძიმებელი გარემოებების განსხვავებულად ფორმულირების ნაწილში",-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიზვილმა წარმოადგინა.
კანონპროექტის თანახმად:
· მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით ან/და თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნით გამოძიების დროს ან სასამართლოში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე;
· ზემოთაღნიშნული ქმედებები განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე;
· მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე;
· მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე;
· განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე;
· დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე;
· დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
კანონპროექტის მიზანი და ამოცანაა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, განსაზღვროს ისეთი რეგულაციები, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს დანაშაულის თავიდან აცილებას, გამოვლენასა და აღკვეთას, მოქალაქეთა თანამშრომლობის ხარისხის გაზრდას, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისი თანმდევი პროექტები.
კანონპროექტით დარეგულირდება ტექნიკური საშუალებებით პირის გამოკითხვა/დაკითხვასთან, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნასთან, პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადირებასთან, საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილების უცხო ქვეყანაში აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, კანონპროექტი ეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე უცხო სახელმწიფოდან კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას. კანონპროექტი, ასევე ეხება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე. ცვლილებების თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მისთვის დროებით შესანახად გადაცემული ქონების შენახვას.
კანონპროექტის მიზანია 2010 წლის 10 ნოემბრის „ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის" და 2005 წლის 16 მაისის „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ" ევროსაბჭოს კონვენციის პრინციპებისა და დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის დახვეწა.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.