ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, ინგა შარაშენიძე აცხადებს, რომ მას პროკურორი ინა გუგუშვილი ადრეც დაემუქრა.
"მედიით შაბათის ინციდენტის მხოლოდ ნაწილი გავიდა. მას წინ უძღოდა ბევრად დიდი ინციდენტი, რომელიც გადაღებული არაა და ეს პირველი შემთხვევა არაა. გამოკითხვაზე როდესაც დამიბარებენ, აუცილებლად დავადასტურებ, რომ ერთ-ერთ პროკურორთან პირადად მე მქონდა მანამდე ინციდენტი. მას ხასიათში აქვს, რომ ადამიანებს ემუქრება, შეურაცხყოფას აყენებს. მე მქონდა სხვა შემთხვევა, როდესაც ქალბატონი ინა გუგუშვილი დამემუქრა თმების დაგლეჯით. ამავე საქმეზე შესვენებაზე როცა ვიყავით გამოსულები. მე და ქალბატონი ინა ვიყავით, როცა მე ვიხუმრე არა მასზე, არამედ სრულიად სხვა ადამიანზე და მისი რეაქცია იყო, რომ თუ მოვიდოდა, საერთოდ თმებს დამაგლეჯდა", - აცხადებს შარაშენიძე.
მისი განმარტებით, შაბათს სხდომათა დარბაზში პროკურორებს დანები და მაკრატლები ჰქონდათ.
"პროკურორებს შაბათს ნამდვილად ჰქონდათ დანა და მაკრატელი. ისინი თითქოსდა იყვნენ ექსპერტები და სურდათ ჩაეტარებინათ საგამოძიებო ექსპერიმენტი. წარმოადგინეს ტანსაცმელების ნაჭრები და სასამართლოსთვის უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ ეს საგანი ისეთ დაზიანებას არ აყენებდა რამეს, რაზეც ექსპერტიზის დასკვნაში იყო საუბარი", - აცხადებს შარაშენიძე.
ცნობისთვის, შაბათს, საქალაქო სასამართლოში პროკურორებსა და ადვოკატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გენერალურმა ინსპექციამ პროკურორების მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივ გადაცდომაზე მოკვლევა დაიწყო.