დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებული დაიკითხა, მან სასამართლოს არარეალური ფაქტების შემცველი ჩვენება მიაწოდა. მისი ჩვენება ყოვლად ეწინააღმდეგება საქმეში დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებსა და მტკიცებულებებს, - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ახლადჩართულმა პროკურორმა, მარიკა გოგოხიამ.
როგორც ის განმარტავს, ბრალდებულმა ჩვენებაში მირზა სუბელიანთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა, მათ შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დიალოგი არ შემდგარა.
"რაც შეეხება იმ პირებს, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, მოგახსენებთ, რომ მის მიერ ამ გვარების დასახელება მოხდა, თუმცა, არა როგორც დანაშაულში უშუალო მონაწილე პირებისა.
ბრალდებულმა მისი დაკითხვისას დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე თან ჰქონდა გასაშლელი, ანუ დასაკეცი დანა, რომლის გამოყენებითაც ერთ-ერთ დაზარალებულს დაზიანება მიაყენა.
რაც შეეხება უშუალოდ მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ საკითხებს, ბრალდებულმა იმდაგვარი სახის ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ შემთხვევის შემდეგ, როცა სახლში შეხვდა მირზა სუბელიანს, მათ შორის არავითარ საუბარს ადგილი არ ჰქონია ამ ფაქტთან დაკავშირებით და ასევე, მან განაცხადა, რომ სახლში ვინც იმყოფებოდა, არც მათთან რაიმე საუბარს არ შესწრებია უშუალოდ მკვლელობასთან დაკავშირებით", - აცხადებს გოგოხია.
კითხვაზე, კალანდიას ნათქვამზე, რომ "ბიძამისი მაგარი პროკურორი იყო და საქმეს მოაგვარებდა", უნდა დაინტერესდეს თუ არა გამოძიება, პროკურორი პასუხობს, რომ კალანდიას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ბიძაზე საუბრობდა.
"ამ შემთხვევაში არ დაუდასტურებია რომელ ბიძაზე იყო საუბარი და არც ის დაუდასტურებია, იყო თუ არა ცნობილი ამ ბიძისთვის ამ მკვლელობის შესახებ.
ბრალდებულმა დაუშვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს მირზა სუბელიანი იყო, თუმცა, მოგახსენებთ, ბრალდებულს დაკითხვისას არ უხსენებია არც ერთხელ რომ მირზა სუბელიანისთვის აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი იყო. დააფიქსირა, კონკრეტულად მაშინ, როცა მირზა სუბელიანთან შეხვედრა ჰქონდა, აღნიშნულის შესახებ არ უსაუბრიათ, ასევე არ შესწრებია რომელიმე სხვა პირის საუბარს სუბელიანთან და არც სხვა პირისგან არ გაუგია მირზა სუბელიანისთვის იყო თუ არა მომხდარი ფაქტის შესახებ ცნობილი.
არასრულწლოვანმა დაკითხვისას განაცხადა, რომ როცა პირი ბინაში შემობრძანდა, მათ შორის რაიმე გაცნობით პროცედურას ადგილი არ ჰქონია, მისი ვარაუდით ეს მირზა სუბელიანი უნდა ყოფილიყო. მან მხოლოდ და მხოლოდ გამარჯობა უთხრა, მათ შორის რაიმე საუბარი არ შემდგარა. გამოძიება რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხით დაინტერესდა, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ამ პირის შემხებლობა უშუალოდ მკვლელობასთან ნამდვილად არ იკვეთება", - აცხადებს გოგოხია.