გულდასაწყვეტია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" უტიფარი წევრები ცდილობენ სარალიძის ოჯახის ტრაგედია თავისი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არჩევნები ახლოვდება და ისინი ამ თემის გამოყენებას ცდილობენ. მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ნამდვილად არ აქვს უფლება ისაუბროს ასეთ სენსიტიურ საკითხებზე.
"მათ მორალური უფლება არ აქვთ ამ ყველაფერზე ილაპარაკონ. ძალიან ცუდია ის რაც მოხდა, ნამდვილად გულდასაწყვეტია. გულდასაწყვეტია ისიც, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები უტიფრად იყენებენ ამ ოჯახის მწუხარებას, ტკივილს და უნდათ, რომ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ, თუმცა, ჩვენ, საზოგადოებამ არ უნდა მივცეთ ამის უფლება და შესაძლებლობა. რაც შეეხება საქმის გამოძიებას, მიმდინარეობს და საზოგადოებაში თუ არის კითხვის ნიშნები, ამ კითხვებს აბსოლუტურად ამომწურავი პასუხი გაეცემა პროკურატურის მხრიდან. თუ იყო გაურკვევლობა კომუნიკაციის თვალსაზრისით, ესეც გამოსწორებადია. უბრალოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" ნამდვილად არა აქვს უფლება ისაუბროს ასეთ სენსიტიურ საკითხებზე. ესენი არიან რეჟიმის წარმომადგენლები, რომლის სახელზე არის გირგვლიანის მკვლელობა, რობაქიძე და აღარ გავაგრძელებ, არ მინდა წარსულზე საუბარი. ყველამ იცის წლების განმავლობაში რა დამოკიდებულება და მიდგომები იყო",- განაცხადა კალაძემ.
მისივე განცხადებით, მას ესმის ზაზა სარალიძის ტკივილი, რადგან საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ეს უბედურება.