არც „ქართუს“ და არც „ლიბერთის“ ეროვნული ბანკისათვის არასოდეს მოუმართავთ. არც შეერთების და არც რაიმე ოპერაციასთან დაკავშირებით“.
ეს განცხადება დღეს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ენმ-ის წარმომადგენლის რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიში განიხილება, რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართა კითხვით, აქვს თუ არა ინფორმაცია „ლიბერთი“ ბანკისა და „ქართუ“ ბანკის გაერთიანების შესახებ.
„რა ხდება? „ლიბერთი“ ყიდულობს „ქართუს“ და ეს იმას გავს თაგვმა სპილო იყიდოს, თუ ბანკების შერწყმაა. თქვენ როგორც საბანკო სფეროში ანტიმონოპოლიური რეგულატორი აძლევთ თუ არა ამის უფლებას“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისი თქმით, დღეს საჯარო დაწესებულებებიდან ხელფასების და ანგარიშების გადატანა მასიურად ხდება „ქართუ“ ბანკში და მაშინ როდესაც „ლიბერთი“ არის საპენსიო სფეროში სახელმწიფოს მომსახურე, ამ ორი ბანკის შერწყმა ნიშნავს იმას, რომ ხდება განუსაზღვრელი უფლებების მქონე მონოპოლია. ეს კი გოცირიძის თქმით, საბანკო სფეროში მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნის.
ამის საპასუხოდ კომიტეტის სხდომაზევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არც გაერთიანების და არც ყიდვის შესახებ ბანკ „ქართუსა“ და ბანკ „ლიბერთის“ მხრიდან ეროვნულ ბანკში არანაირი განაცხადი არ შესულა. რაც მისი თქმით იმას ნიშნავს, რომ ამ ორი ბანკის გაერთიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა.