26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, ზუგდიდში განსაკუთრებულად და მასშტაბურად აღინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია პავილიონები. ზუგდიდის მთავარ მოედანზე ორი განსხვავებული ეპოქაა გაცოცხლებული: საქართველო 100 წლის წინ და შემდეგ.
ისტორიულ ზონაში მოწყობილია არტ კაფე, რეტრო ფოტო ზონა, საქართველოში პირველი მანქანის მაკეტი, ლოტოს გათამაშება, 1918-1921 წლების მოვლენების ამსახველი დოკუმენტების მუზეუმი, ღია კინოთეტრი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დამზადებული დოკუმენტური ფილმების, ხოლო ბავშვებისთვის მულტფილმების ჩვენება მიმდინარეობს.
თანამედროვე ზონაში მოწყობილია იმიტირებული საგამოცდო მოედანი, სადაც 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები, ველოსიპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად სახალისო თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს აბარებენ. იქვე განთავსებულია ,,კოსმოსური ხომალდი", სადაც მოზარდები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში იღებენ მონაწილეობას. მოწყობილია საბავშვო გასართობი მოედანი, სადაც ბავშვები სხვადსხვა საინტერესო თამაშებით ერთობიან.
გამოფენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკა: საპატრულო პოლიციის მანქანა, ჯავშანტექნიკა, სეგვეი, მოტოციკლი, ელექტრომობილი.
სხვადასხვა ლოკაციებზე იმართება კონცერტები ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.
მოწყობილია სხვადასხვა სივრცე: მწვანე სივრცე,სადაც ხელთნაკეთი ყვავილების პარალელურად ცოცხალი მცენარეების გამოფენა-გაყიდვაც მიმდინარეობს. წიგნების სივრცე, ხელოვნების სივრცე, საბავშვო სივრცე, ეთნოსივრცე, გასტრონომიული სივრცე. ეწყობა ისტორიული ფოტოების გამოფენა,სადაც წარმოდგენილია ძველი ზუგდიდის ფოტოები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საგანძურის ამსახველი ფოტომასალა, პილონებზე გაცოცხლებულია ძველი ზუგდიდი, მიმდინარეობს ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოწყობილია სპორტული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კოსტიუმირებული მსვლელობა, იმართება სხვადასხვა სპორტული აქტივობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებები.
სხვადასხვა ლოკაციაზე ღია კაფეებია განთავსებული.
ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადსხვა სივრცესთან ერთად გამოირჩევა ეთნოსივრცე, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშებია გამოფენილი, ტარდება მეთუნის, ხეზე და ქვაზე მუშაობის მასტერკლასები, გამოფენილია ეთნოგრაფიული მასალები.
დიდი ინტერესით გამოირჩევა ტრადიციული მეგრული სამზარეულოს კუთხე ,,ოზალდა,"სადაც მივიწყებული მეგრული კერძები ჩემქვა, დადიანური, ჭაბულია და ლეჭკერეს დამზადების პროცესია გაცოცხლებული. იქვე გამოფენილია უძველესი მეგრული ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოები, მეღვინეობა ,,ხარება"-ს სტენდი, მოწყობილია თაფლისა და რძის ნაწარმის კუთხე, სანელებლების კუთხე ,,ორკვანალი."
ბულვარის მიმდებარედ, ძველი სახლის აივანზე თეატრის მსახიობები გააცოცხლებენ ისტორიულ ფაქტს, როცა მოქალაქეებს ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება ამცნეს. მოეწყობა კოსტიუმირებული მსვლელობა, რა დროსაც გიმნაზიის სტუდენტების სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები ქუჩებში დაყრიან დეპეშებს, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ამცნონ ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ.
დღესასწაულს გალა კონცერტი დახურავს, რომელიც 19:30 საათზე დაიწყება.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია,ზუგდიდის მუნიციპლიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.