USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის (G4G)-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ატარებს ტრენინგების ციკლს თბილისსა და რეგიონებში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებისა და მეწარმეებისათვის. პროექტის მთავარი მიზანია რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვებით ბიზნეს-სექტორის დაინტერესება და მათი საჯარო შესყიდვების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.
პროექტისთვის 15 მონაწილე შეირჩა ბიზნესასოციაციებისა და რეგიონული წარმომადგენლობებიდან, რომლებმაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარეს. მოსამზადებელი კურსი მათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერებმა ჩაუტარებეს.
პროექტის მეორე ეტაპზე გადამზადებული კანდიდატები იმუშავებენ დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან რეგიონებში და მიაწვდიან მათ შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებისა და სერვისების თაობაზე.
USAID G4G პროგრამის ფარგლებში, რომელიც უკვე წლებია მსგავსი პროექტების აქტიური მხარდამჭერია, შეიქმნა 6 ახალი გამოცემა, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე შემსყიდველ ორგანიზაციებს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლაში დაეხმარება.