სასამართლომ სამართლიანი, დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ნარკოტიკების გასაღების საქმის პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
"რვავე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნა გამოყენებული. ფაქტობრივად, სასამართლომ სრულად გაიზიარა ის არგუმენტები რაც ბრალდების მხარემ ჩვენი შუამდგომლობებით დავასაბუთეთ. საქმეში არსებული მტკიცებულებები ავთენტურია და საქმეზე დამაგრებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით", - აცხადებს ცალუღელაშვილი.
მისი განმარტებით, საქმეში მტკიცებულებები მრავლადაა.
"ესენია მოწმეთა ჩვენებები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, საკონტროლო შესყიდვები,ამოღებული ნივთმტკიცებები, ექსპერტიზის დასკვნები", - აცხადებს პროკურორი.
მისივე თქმით, საქმეზე ოთხი ძირითადი მოწმეა, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და რიგი ფაქტობრივი გარემოებები დასადგენია.
ცნობისთვის, ნარკოტიკების გასაღების საქმეზე სპეცოპერაციისას დაკავებული რვავე პირი მოსამართლე დავით კურტანიძემ პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, 12 მაისს კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.