პირადი შთაბეჭდილებით, გადაწყვეტილება ობიექტური არ იყო, - ასე შეაფასა ნარკოტიკების გასაღების საქმეზე სპეცოპერაციისას ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ სასამართლოს გადაწყვეტილება.
მისი თქმით, ის მის დაცვის ქვეშ მყოფთან გაივლის კონსულტაციას და შემდეგ გადაწყვეტს, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას.
"სამართლებრივად ყველა ის გარემოება იყო, რომ მოსამართლეს შეეძლო ობიექტურად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაო შეეფარდებინა. 2 თვიანი საგამოძიებო პერიოდი რაც არის და რაც ექსპერტიზის ჩატარებას სჭირდება, მანამდე ის გირაოთი ყოფილიყო, ის ჩააბარებდა ყველანაირ დოკუმენტაციას, არც მიმალვას დააპირებდა, არც საზღვრის გადაკვეთას. სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი პოზიცია, ბრალდების პოზიციას დაეთანხმა და მიიჩნია რომ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უფრო ობიექტური იყო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები.
აუცილებლად გავეცნობი განჩინებას, რომელიც დასაბუთებული იქნება, თუ რის საფუძველზე შეუფარდა მოსამართლემ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა. ამის შემდგომ მეცოდინება, რამდენად ობიექტური იყო დღევანდელი სასამართლო. პირადი შთაბეჭდილებით, გადაწყვეტილება ობიექტური არ იყო.
რაც შეეხება გასაჩივრებას, მას შემდეგ რაც განჩინება ჩამბარდება და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან კომუნიკაცია მექნება, ერთობლივად გადავწყვეტთ, გავასაჩივრებთ თუ არა ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ნარკოტიკების გასაღების საქმეზე სპეცოპერაციისას დაკავებული რვავე პირი მოსამართლე დავით კურტანიძემ პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, 12 მაისს კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.