რუსეთის ხელისუფლებაში ის მიდგომა შესუსტდა, რომელიც საქართველოს მთლიანად განადგურებას გულისხმობდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის ორი წლისთავის შეფასებისას განაცხადა.
"როდესაც ვსაუბრობთ, თუ რა შეიცვალა აგვისტოს ომის შემდეგ ორ წლის განმავლობაში, აუცილებელია ის საერთაშორისო პროცესები გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე გავლენას ახდენს. რუსეთის ხელისუფლება ჩამოყალიბდა იმ მიდგომაზე, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია თავის სამხედრო გარნიზონად და ბლოკ-პოსტებად აქციოს და მაქსიმალურად გაამყაროს თავისი მდგომარეობა აფხაზეთში. რუსეთის ხელისუფლებაში ის მიდგომა შესუსტდა, რომელიც საქართველოს მთლიან განადგურებას გულისხმობდა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არეშიძემ.
მისი შეფასებით, აგვისტოს ომის დროს პუტინის ძირითადი ძირითადი ამოცანა იყო აზერბაიჯანის ენერგომატარებლების და სამხრეთ კავკასის ინფრასტრუქტურის ხელში ჩაგდება, თუმცა ამ ეტაპზე თუ მეორე საკითხზე მუშაობა არ შეუწყვეტიათ, პირველზე პრობლემები შეექმნათ.
"ნაბუკო იქნება თუ არა, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი აღარ აქვს, რადგან მსოფლიოში ახალი ტექნოლოგიები ამუშავდა, რომელთა საშუალებითაც ფიქალის გაზის მოპოვება გახდება შესაძლებელი. ეს კი დაახლოებით ორ-სამ წელში "გაზპრომს" უდიდეს დარტყმას მიაყენებს. ამიტომ ახლა სხვა პრობლემები და სხვა მიმართულები გახდა რუსეთისთვის აქტუალური", - აღინიშნა მან.
ექსპერტის შეფასებით, აშშ-სა და რუსეთს შორის გადატვირთვის პროცესმა ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში მოსკოვის აგრესიის შესუსტება გამოიწვია.
"ეს პროცესებია, რომელიც საქართველოს გარშემო მიმდინარეობს და რომელშიც რუსეთიცაა ჩართული. ჩვენს ქვეყანაზე დიდი გავლენა იქონია ასევე თურქეთის როლის შეცვლამ რეგიონში, რომელმაც რეგიონალური ლიდერის მანტიის მორგება მოინდომა არ მარტო კავკასიის, ასევე მთელი მცირე აზიის მასშტაბით. ამან კი დასავლეთი გააღიზიანა. გარდა ამისა, რეგიონში პატარა ქვეყნების როლი გაიზარდა. დიდ სახელმწიფოებს, რომელებიც ყარაბაღის პროცესის მოგვარებაში იყვნენ ჩართულები, აზერბაიჯანმა და სომხეთმა უკვე საკუთარი სურვილის კარნახი დაუწყეს", - განაცხადა არეშიძემ.
რაც შეეხება საერთაშორისო მხარდაჭერას, ექსპერტის შეფასებით, ბოლოს დროს ამ კუთხით მნიშვნელოვნად გაიზარდა ეკონომიკური დახმარება, ხოლო პოლიტიკურ-მორალური შემცირდა.
"აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ეს ომი საქართველოს ხელისუფლებას არ დაუწყია, მაგრამ რუსეთმა ყველაფერი გაკეთა იმისთვის, რომ ჩვენთვის ხაფანგი დაეგო და ამ ხაფანგში გავბმულიყავით. საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნით კი, ამ პროცესებში საქართველოს მაინც ადანაშაულებენ, მაგრამ 21-ე საუკუნის ევროპისთვის მიუღებელია მის წიაღში არსებული ქვეყნების ტერიტორიული ნაწილების ოკუპაცია. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მხარდაჭერა შესუსტდა, რაც იარაღის მოწოდების შეწყვეტაშიც აისახა, მსოფლიო საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას მაინც არ ურიგდება და ცდილობს რუსეთი აიძულოს, უკან გადადგას ნაბიჯი", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არეშიძე.
ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს ომი ცხინვალის რეგიონში ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის დაიწყო. ომში რუსეთი ოფიციალურად 8 აგვისტოს ჩაერთო, რომელმაც რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო. რუსებისა და ოსების გაერთიანებული სახედრო შენაერთები ქართველებს ცხინვალში სამ დღეს ებრძოდნენ. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის შემდეგ ქართულმა ჯარებმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი დატოვეს. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში _ 16 აგვისტოს.
12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა საქართველოს დასახლებული პუნქტების დაბომბვა და რუსი ჯარისკავების თვითნებობა არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.
26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.
25 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ინფორმაციით აგვისტოს ომის დროს დაღუპულია შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე; პოლიციის 16 თანამშრომელი; 188 მშვიდობიანი მოქალაქე.