ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გუშინ სასამართლოში დაკითხულ მოწმესთან, მიხეილ კალანდიასთან ბიძა, ყოფილი პროკურორი, მირზა სუბელიანი ორ პროკურორთან ერთად სახლში მივიდა, ისინი კალანდიასგან ხვალ ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე ჩვენების ხელახლა შეცვლას ითხოვდნენ - აღნიშნულ ინფორმაციას „პირველი რადიო“ ავრცელებს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში ერთ-ერთი მოკლულის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, პროკურორები კალანდიას ხვალინდელი ჩვენებისთვის „ამუშავებენ“. სარალიძისთვის სუბელიანის გარდა, იმ პროკურორების გვარები, რომლებიც მოწმეს სახლში ესტუმრნენ, უცნობია.
„ეს ყველაფერი ახლა გავიგე და გაოცებული ვარ! ბატონი მირზა სუბელიანი მოწმის ბიძაა და გასაგებია, რომ ის მასთან სახლში მივიდა, მაგრამ დანარჩენი ორი პროკურორი რატომ მივიდა? ეს უკვე ძალიან დიდ კითხვის ნიშანს ბადებს! მასთან ალბათ, იმის გამო მივიდნენ, რომ „დაემუშავებინათ“. თუ ჩვეულებრივი დაკითხვა უნდოდათ, მაშინ პროკურატურაში დაიბარებდნენ. პლუს ამას, მოწმის დაკითხვა დასრულებული არ არის, შესაბამისად, მას თავის ადვოკატის გარდა, არავინ უნდა შეხვედროდა, არც ჭკუის დასარიგებლად და არც გამოსალაპარაკებლად“, - აცხადებს სარალიძე.
როგორც ის აღნიშნავს, ხვალინდელი სასმართლო პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა, ვარაუდობს, რომ ზეწოლის შედეგად, მოწმეს ჩვენებას შეაცვლევინებენ.
„ხვალინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩემთვის, მთელი საზოგადოებისთვის. ძალიან ცუდია, რომ სხდომები დახურულია და საზოგადოება სრულ ინფორმაციას ვერ ეცნობა. ხვალ ალბათ, რაღაც გაურკვეველი ვითარება იქნება. რადგან მოწმეს სახლში მიაკითხეს და „დაამუშავეს“, ის ალბათ, გუშინდელი ჩვენებისგან რაღაც განსხვავებულს იტყვის.
ჩემია ზრით, თავიდანვე შეგნებულად იყო ყველაფერი გაკეთებული და თავიდანვე ხელს აფარებდნენ სხვებს. იმის გამო, რომ საქმეში კიდევ არიან დამნაშავეები, რომლებიც დაკავებულები და გამოკვეთილები არ არიან, საქმე იქითკენ მიჰყავთ, რომ მხოლოდ ორ ბრალდებულს მიუსაჯონ და ამით დაამთავრონ საქმე“, - აცხადებს სარალიძე.
ცნობისთვის, ხვალ, დაცვის მხარე ბრალდების მხარის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმეს, მიხეილ კალანდიას დაკითხავს. ის წინა ხდომაზე ბრალდების მხარემ დაკითხა. არსებული ინფორმაციით, მოწმემ პროცესზე განაცხადა, რომ გამოძიების ეტაპზე მას ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს, მამამისს - თენგიზ კალანდიას კი, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბრალდებულების ადვოკატების და დაზარალებულის განცხადებით, აღნიშნული მოწმის ჩვენებამ ბრალდების მხარის პოზიცია თავდაყირა დააყენა. მოკლულ დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აღნიშნავს, რომ კალანდიას ჩვენებამ საგამოძიებო ორგანოს დიდი დარტყმა მიაყენა და „ვიღაცა რაღაცას ისე აკეთებს, რომ როგორც თვითონ აწყობს, ისე დალაგდეს ყველაფერი“.
ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს, რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.